რეგიონი
ბავშვის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი წარუდგინეს
ზუგდიდში არასრულწოვნის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ემა კვირტიასა და ვასილ ახალაიას ბრალი ოფიციალურად დღეს საღამოს წარუდგინეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დაკავებულების ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა უთხრა.

„საქმის მასალები გადმომეცემა და დეტალების შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ“, - თქვა ყურაშვილმა.

დაკავებული ცოლ-ქმრისთვის კი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

ზუგდიდში სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი გუშინ საკუთარი სახლიდან აიყვანეს. სავარაუდოდ, გატაცებული ბავშვის დედის თქმით, ბავშვმა და მამამთილმა მას უთხრეს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვი ვალის გამო წაიყვანა და მის დაბრუნებას მანამ არ აპირებდა, სანამ ოჯახი ვალს არ დააბრუნებდა.

თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატის ინფორმაციით, ბავშვი სახლიდან ემა კვირტიამ მოსაწესრიგებლად წაიყვანა და არა ვალის დაბრუნების მიზნით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი, მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში სავარაუდოდ გატაცებული ბავშვის ოჯახურ პირობებს სოციალური სააგენტო შეისწავლის
Print