რეგიონი
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია სამეგრელოში იმყოფებოდა
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელოს ესტუმრა. დელეგაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად უმასპინძლა.  ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

რეგიონის გუბერნატორმა, დიდი ბრიტანეთის ლორდთა და თემთა პალატის წევრებს და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში მეგზურობა გაუწია.  

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ზუგდიდის ტექნოპარკს სტუმრობდა, სადაც ტექნოპარკის პროექტებს და "ფაბ ლაბში" მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.  

საქმიან ვახშამზე ლევან შონიამ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პოტენციალი გააცნო და რეგიონში მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაურა. ლევან შონიამ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და მის მნიშვნელობაზე.  

25-31 მაისს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, საპარლამენტო ორმხრივ ვიზიტს საქართველოში მართავს. დელეგაციის წევრები 29 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ.  

დელეგაცია საქართველოს 31 მაისს დატოვებს.  




Print