რეგიონი
ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ქალი: როგორ უნდა ვიცხოვრო (ვიდეო)
მცირეწლოვანი გოგონას მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული ემა კვირტია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ წარდგენილი ბრალდება მისთვის შოკის მომგვრელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლოს დაწყებამდე უთხრა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს უნდა იმსჯელოს.

"დედა, მამა და ყველა ჩემი დახმარებით იკვებებოდნენ. ის კი არა, ამ ბავშვის ნათლია უნდა ვყოფილიყავი. ამას ბავშვის დედაც ამბობს. ბრალდებას, რომ გავეცანი, შოკის მომგვრელი. ეს თუ დამიმტკიცდა მე თავს მოვიკლავ. თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ამის შემდეგ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ყველას კითხეთ, გამოკითხეთ მეზობლები, ემა კვირტია და ვასო ახალაია როგორი ადამიანები არიან და როგორ და რა პრინციპებით ვცხოვრობთ, როგორ ვარსებობთ საერთოდ", - თქვა ბრალდებულმა.

ემა კვირტია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პროკურატურის გადაწყვეტილებით გუშინ გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მეორე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

28 მაისს პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ემა კვირტია და ვასო ახალაია დააკავა. ცოლ-ქმარს გამოძიება ვალის გამო, არასრულწლოვანის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება.

აღნიშნული ქმედება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე: 

ბავშვის მძევლად ჩაგდებაში ბრალდებული ქალი გაათავისუფლეს 

ბავშვის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდში სავარაუდოდ გატაცებული ბავშვის ოჯახურ პირობებს სოციალური სააგენტო შეისწავლის 

სავარაუდოდ გატაცებული ბავშვის დედა: ჩემმა შვილმა მითხრა, ვალის გამო წამიყვანესო

ზუგდიდში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს



Print