ახალი ამბები
მოქალაქეები, არასამთავრობოები, პარტიები - ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდში 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის გამომხატველი აქცია გაიმართა. თავდაპირველად აქციის მონაწილეები ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბნენ.



მოგვიანებით კი პროკურატურასთან ორგანიზებული მსვლელობით გადაინაცვლეს.



მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ: „ხელს ნუ აფარებ მკვლელს“, „აღსრულდეს სამართლიანობა“, „სოლიდარობა ზაზა სალარიძეს“, „შემდეგი შეიძლება მე ვიყო“, „ნუ მომკლავ“ და სხვ.


დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მასში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობოებისა და საზოგადოების წევრები მონაწილეობდნენ.



აქცია აპოლიტიკური იყო და მის მონაწილეებს საერთო მოთხოვნა აქვთ. მათ დათო სარალიძის მკვლელებისა და საქმესთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯა მოითხოვეს.



თბილისში გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე მოკლეს. საქმეზე სასამართლომ განაჩენი დღეს გამოიტანა, რომლის თანახმადაც ორი დაკავებულიდან ერთ-ერთი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, მეორე კი სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო.



სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სარალიძის მკვლელის ვინაობა გამოძიებული არ არის. განაჩენის შემდეგ პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა. მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელებს ხელს პროკურატურის მაღალჩინოსნები აფარებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

ამავე საქმის გამო რამდენიმე წუთის წინ თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმება.


ამავე თემაზე:

აღასრულე სამართლიანობა #ნუმომკლავ - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა
Print