ახალი ამბები
ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში კვლავ დაიგეგმა
1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის გამომხატველი აქცია ზუგდიდში დღესაც გაიმართება. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ბულვართან 15:00 საათზე, შეიკრიბებიან. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოვიდნენ და მათთან ერთად მოითხოვონ სამართლიანობის აღდგენა.

"გამოდით ყველა! ეს უნდა იყოს ყოველგვარი ვიწრო პარტიული კლიშეებისაგან თავისუფალი აქცია, რომელზეც თავის სიტყვას იტყვის მოქალაქე! მხოლოდ ირაკლი შოთაძის გადადგომა არ არის გამოსავალი, გამოსავალია პრობლემური საგამოძიებო სისტემის დანგრევა, რომელიც, თითქმის 15 წელია, ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას. უწყება 15 წელია ხელმძღვანელობს შერჩევითი სამართლის პრინციპით და ხელს აფარებს დამნაშავეებს. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს, სისტემა უნდა დაინგრეს და გაიწმინდოს დამნაშავეებისაგან, ძალაუფლება ჩვენშია, მოქალაქეებში და დავანახოთ იგი ხელისუფლებას", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ემზარ კვარაცხელიამ.

სარალიძის მხარდასაჭერი აქცია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში გუშინაც გაიმართა.

აქციების პარალელურად საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისში გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე მოკლეს. საქმეზე სასამართლომ განაჩენი 31 მაისს გამოიტანა, რომლის თანახმადაც ორი დაკავებულიდან ერთ-ერთი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, მეორე კი სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სარალიძის მკვლელის ვინაობა გამოძიებული არ არის. განაჩენის შემდეგ პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლა. მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელებს ხელს პროკურატურის მაღალჩინოსნები აფარებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

ამავე თემაზე:

მოქალაქეები, არასამთავრობოები, პარტიები - ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში (ვიდეო, ფოტო)
Print