ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილმა ოთხოზორიების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს მისი მამის ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. მან სამძიმრის წერილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიგა ოთხოზორიას მამის ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო. უმძიმესი და მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მიაყენა ოთხოზორიების ოჯახს გიგას მკვლელობით. ბატონი ზურაბი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან. ქართველი ხალხი არ შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია და არ დაიღლება ქვეყნის გამთლიანებისათვის ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია წერილში.

ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა. ზურაბ ოთხოზორია ინსულტის დიაგნოზით რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მისი დაკრძალვის ხარჯებს მერია სრულად დაფარავს.

ამავე თემაზე:

გიგა ოთხოზორიას მამის დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია დაფარავს
Print