ახალი ამბები
გუბერნია: წითლიძის მიერ დასახელებული არცერთი პირი დასაკითხად არავის დაუბარებია
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცე მერი გია გულორდავა დასაკითხად არცერთ უწყებას არ დაუბარებია. გუბერნიაში ენმ-ის ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს კონკრეტული თანამდებობის პირების დისკრედიტაციას ემსახურება.

"ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე და მთლიანად ‘ნაციონალური მოძრაობა’ დაკავებული არიან რეგიონის თანამდებობის პირების დისკრედიტაციით, ისინი სისტემატიურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აწარმოებენ ცილისმწამებლურ კამპანიას. ეს პარტია ვერ ეგუება რეგიონის წარმატებას და იმ ადამიანებს ვინც ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორცილებენ, რისი დასტურიცაა ყოველგვარ რეალობას მოკლებული სიცრუის ტირაჟირება. ანა წითლიძის მიერ დასახელებული არცერთი პირი, არცერთ უწყებას დასაკითხად არ დაუბარებია. მიუხედავად ამისა, კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვართ ნებისმიერ კითხვაზე პასუხისთვის“, - აღნიშნავენ გუბერნიაში. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძის ინფორმაციით კი, საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ზუგდიდში კორპუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, საუბარია კონკრეტულ საქმეებზე, რომელზეც განცხადება ოპოზიციურმა ფრაქციამ თვეების წინ შეიტანა და რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად კი გუბერნატორი, ზუგდიდის მერი და ვიცე მერი ფიგურირებენ.


ამავე თემაზე:

ენმ: ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
Print