ახალი ამბები
სამეგრელოში ბოლო ერთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 50-მდე ფაქტი გამოვლინდა
მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 57 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 15 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 47 ფაქტი, გურიაში - 4, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 30, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 49 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 16 ფაქტი, შიდა ქართლში - 45, ქვემო ქართლის მასშტაბით - 16 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 50 ფაქტი, თბილისის მასშტაბით 4 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 461 მეტრ კუბამდე ხე-ტყე.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 38 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 27 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.



Print