ახალი ამბები
რატომ ჩაიცვა ზუგდიდელმა საჯარო მოხელემ რუსეთის გერბიანი მაისური
ზუგდიდის მერიის ააიპ" ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი"-ს თანამშრომელი გურამ (ცაცა) შელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც მას რუსეთის გერბის გამოსახულებიანი მაისური აცვია, ზურგის მხარეს კი "რუსეთი" რუსულ ენაზე აწერია. ფოტო სამხარეო ადმინისტრაციის შენობაშია გადაღებული.



მისმა ფოტომ სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია. მას მომხმარებლები ოკუპანტი ქვეყნის მაისურის ჩაცმისთვის აკრიტიკებენ. თავად შელია კი მათ პასუხობს, რომ ის რუსების წინააღმდეგ აფხაზეთის ომში იბრძოდა და სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთისგან მიჯნავს.

„ძალიან კარგად ვიცი, ვინც არის რუსეთი. რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია და მაგათი დედაც ერთი... მე ვგულშემატკივრობ ფეხბურთს და მსოფლიო ჩემპიონატში რუსეთის ნაკრებს. რუსეთი რომ გავარდება, საფრანგეთს ვუგულშემატკივრებ. იქ წერენ, რომ ფოტო ადმინისტრაციულ შენობაში გადავიღე, არ არის ეს არც მერია, არც გუბერნია, კერძო ოფისია. გეტყვით მაგასაც, მაგრამ არ მინდა, მიადგნენ და წერონ მასზეც“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შელიამ.

ცნობისთვის, მსოფლიო რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს, მოსკოვში რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით აიღებს და 15 ივლისს, ასევე მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ გასამართი ფინალით დასრულდება. მუნდიალის შეხვედრები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.



Print