რეგიონი
პოლიციის მხრიდან სენაკელი ახალგაზრდის მიმართ შესაძლო ფიზიკურ ძალადობაზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო
21 წლის სენაკელი ახალგაზრდის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ის სენაკში პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, საქართველოს პროკურატურა რეაგირებას მოახდენს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქალაქ სენაკში, ძარცვაში ბრალდებული პირები, გ.ჭ. და ხ.პ. პოლიციის ცალკეულ თანამშრომლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ინფორმაცია აქამდე არ ყოფილა ცნობილი საქართველოს პროკურატურისთვის, ბრალდებულებს რაიმე სახის ზეწოლის შესახებ არაფერი უთქვამთ სასამართლო პროცესებზე, ასევე არ მომხდარა არანაირი ოფიციალური შეტყობინება. მიუხედავად ამისა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ -ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ყაჩაღობაშია ბრალდებული, თქვა, რომ დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩაუდენია,  „სასტიკი ზეწოლის და ძალადობის მუქარის შემდეგ აღიარა“ . 

Print