რეგიონი
აფხაზეთის მოსახლეობას ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებს დაურიგებენ
აზიურ ფაროსანასთნ ბრძოლის ფარგლებში, რუსეთმა აფხაზეთს 5 ათასი ლიტრი შხამქიმიკატი გადასცა. მიღებული პრეპარატი გულრიფშის, ტყვარჩელის, ოჩამჩირეს და გალის რაიონების სოფლის მეურნეობის სამმართველოებს გადაეცემათ. ამის შესახებ "აბხაზია ინფორმს" დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა დმიტრი ხაგუშმა განუცხადა. მისი თქმით, მოსახლეობას აღნიშნული პრეპარატები უსასყიდლოდ გადაეცემა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ადგილობრივების ნაწილს არ სურს შხამქიმიკატების გამოყენება, რადგან თვლის, რომ ის საშიშია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე მეფუტკრეობისთვის.

სპეციალისტი განმარტავს, რომ სერიოზული შედეგების მიღება ამ ეტაპზე, შხამქიმიკატებით შეწამლვის გარეშე შეუძლებელია. გარდა ამისა, ხაგუშის ცნობით, სამინისტრომ 130 ერთეული შესაწამლი ასაკიდი ზურგჩანთა დაურიგა მოსახლეობას. მისი თქმით, მანამდე, მათ რუსული მხარისგან მიიღეს დაპირება, რამდენიმე ათასი ფერომონის გამოგზავნის შესახებ, თუმცა ამ დრომდე, არცერთი არ მიუღიათ.

მან აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, მავნებლის რაოდენობა შემცირდა, რაზეც მარტსა და აპრილში მწერის მექნიკურმა შეგროვებამ იქონია დადებითი გავლენა. დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ყველზე მეტი აზიური ფაროსანა (2,5 ტ.) გალის რაიონში შეგროვდა, ოჩამჩირში - 620 კგ, გულრიფში – 580 კგ, ტყვარჩელის რაიონში კი 230 კგ.

გამოცემის ცნობით, აზიური ფაროსანა შავის ზღვის სანაპიროზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა. 2014 წელს მავნებელი რუსეთში, კერძოდ, სოჭში გავრცელდა. 2015 წელს, ის აფხაზეთის და რუსეთის ტენიან სუბტროპიკებს მასიურად მოედო. 2016 - 2017 წლებში ფაროსანამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ხილსა და სუბტროპიკულ კულტურებს.




Print