ახალი ამბები
მოხალისეობის ფორუმი ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით მოხალისეობის ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი რეგიონში მოხალისეობის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა იყო. ფორუმის საშუალებით ერთმანეთს მოხალისეების მაძიებლები და მოხალისეობის მსურველები დაუკავშირდნენ.

ფორუმში მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა 30-მდე არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციამ მიიღო, სადაც 100-ზე მეტი მოხალისე იმყოფებოდა.



„ფორუმის ძირითადი მიზანი არის მოხალისეობის პოპულარიზაცია და განვითარება. ფორუმის შინაარსი ეხება მაძიებელ ორგანიზაციებს, რომ უშუალოდ შეხვდნენ მოხალისეებს. დაიდო ასე მეტი გარიგება... მოხალისეობა დემოკრატიის მძლავრი და აუცილებელი საფუძველია. ვფიქრობ, აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი და საინტერესო საზოგადოება, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამის სფეროს განვითარებაში“, -აღნიშნა რეგიონული ჰაბის კოორდინატორმა ივეტა როდონაიამ.

ღონისძიებას პროექტის “სამოქალაქლო განვითარების ინიციატივის” მენეჯერი დავით აფრასიძეც დაესწრო. მისი თქმით, მოხალისეობა ფუნდამენტური სამოქალაქო აქტივობაა და მასში გაცნობიერებულად ჩართვა მნიშვნელოვანია.



„ხანდახან გაუცნობიერებლად ვაკეთებთ საზოგადოებისთვის საჭირო საქმეს და ამის გაცნობიერებულად კეთება უმნიშვნელოვანესია. ბევრი ახალგაზრდაა აქ და ვიმსჯელეთ, როგორ გავხადოთ მოხალისეობა უფრო პოპულარული“, - თქვა მან.

ფორუმს რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ ხაზი გაუსვეს მოხალისეობის პოპულარიზებისა და განვითარების მნიშვნელობას ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

ღონისძიებაზე რამდენიმე პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც მოხალისეობის ინსტიტუტს ეხებოდა. ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია დამსწრეებს კოლხურ კულტურაში მოხალისეობასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე ესაუბრა.



მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით და ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ (2017 -2020) ფარგლებში. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.

პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, ახორციელებს ორგანიზაციათა კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის თაოსნობით. კონსორციუმში აგრეთვე შედიან ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.





Print