რეგიონი
სენაკელი ახალგაზრდა: მოვუყევი პროკურორს როგორ ძალადობდნენ პოლიციელები ჩემზე
21 წლის სენაკელი გიორგი ჭანია, რომელიც პოლიციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოკითხეს. რადიო „ათინათს“ ჭანიამ უთხრა, რომ მან პროკურორს პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი გამოკითხვა თითქმის ორი საათი გაგრძელდა. ის დამნაშავეების სამსახურიდან გათავისუფლებას და დასჯას ითხოვს.

„მოვუყევი ყველაფერი როგორც იყო. როგორ ცდილობდნენ პოლიციელები ძალადობის გზით, მე და ჩემს მეგობარს გვეღიარებინა ის დანაშაული, რაც სინამდვილეში არ ჩაგვიდენია. დამპირდნენ, რომ გამოიკვლევენ ამ საქმეს... მითხრეს, რომ ჩემს შესახებ მედიასაშუალებით შეიყტვეს, თუმცა სასამართლო პროცესზე მე ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადე“,- თქვა ჭანიამ.

ახალგაზრდა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ამბობს, რომ გასულ წელს პოლიციელებმა ის და კიდევ ერთი სენაკის მკვიდრი ქალაქის ცენტრში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მისივე მტკიცებით, თუ ის და მისი მეგობარი დანაშაულს არ აღიარებდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

„იყო მუქარები და ზეწოლა ჩვენზე. ჩემთან ერთად ვინც იყო მას სცემს. შემოდიოდნენ პოლიციელები, ხელკეტების დემონსტრირებას ახდენდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ თუ არ ავიღებდით დანაშაულს ჩვენს თავზე გაგვაუპატიურებდნენ“, - ამბობს ის.

ჭანიას ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მეორე ბრალდებულსაც, რომელსაც საჯაროდ ამ თემაზე საუბარი არ სურს, დაკითხავენ.

სამართალდამცავებმა გასულ წელს სენაკის მკვიდრები გიორგი ჭანია და ხ.პ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ისინი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამავე თემაზე:

სენაკელი ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელებს ზეწოლაში ადანაშაულებს, საოლქო პროკურატურაში იმყოფება (ვიდეო)

პოლიციის მხრიდან სენაკელი ახალგაზრდის მიმართ შესაძლო ფიზიკურ ძალადობაზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო
Print