რეგიონი
ზედაეწერის სკოლის დირექტორს ბულინგის ფაქტის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის დირექტორსა და მოსწავლეებს ბულინგში ადანაშაულებენ. ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონას კლასელები ფიზიკურ და მორალურ შეუარცხყოფას აყენებდნენ. არასრულწლოვნის დის მონიკა მანიას თქმით, ამის შესახებ იცოდა დირექტორმა ლია არღვლიანმა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

„ჩემს დას სისტემატურად დასცინოდნენ კლასში. კლასელები ოროსანს ეძახდნენ, იმიტომ რომ მას დამრიგებელი და სხვა მასწავლებლები ეუბნებოდნენ, მაინც არ სწავლობ და წადი ყავა მოგვიტანეო. ხან რაზე აგზავნიდნენ, ხან რაზე. ვეუბნებოდი, არ გააცდენინოთ გაკვეთილები მეთქი. ამ დაცინვაზე და ჩაგვრაზე არაერთხელ მივსულვარ დირექტორთან, ცალკე მე, ცალკე - დედაჩემი, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყვა. ბავშვი ტიროდა, სკოლაში არ უნდოდა წასვლა“, - ამბობს, მონიკა მანია.
მისივე ინფორმაციით, გოგონას მასწავლებლის თვალწინ კლასელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ასეთი სიტუაცია რომ იყო, ჩემი და სხვა სკოლაში გადავიყვანეთ, მაგრამ მუსიკალურ წრეზე ზედაეწერის სკოლაში დადის. ერთ დღეს მე თვითონ შევესწარი ფაქტს, ჩემი და მეცადინეობაზე რომ შედიოდა მას კლასელებმა ჯერ დასცინეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამას ხედავდა ერთ-ერთი მასწავლებელი. ეზოში რომ შევედი, ბავშვები გაიქცნენ. მასწავლებელმა კი მითხრა, რომ ის ჩემი დის დარაჯი არ იყო და მირჩია დირექტორისთვის მიმემართა“, - თქვა მანიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რადიო „ათინათი“ ზედაეწერის სკოლის დირექტორს ლია არღვლიანს დაუკავშირდა, რომელმაც ბრალდებები უარჰყო. მისი თქმით, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა და გოგონა სკოლიდან მშობლების განცახდების საფუძველზე გაიყვანეს, თუმცა მათ მიზეზი არ მიუთითებიათ.

„პირველად ამის შესახებ მედიის საშუალებით გავიგე. არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ალბათ, მალე გაირკვევა. არანაირ ჩაგვრას ადგილი არ ჰქონია და ამასთან დაკავშირებით არც არავინ მოსულა ჩემთან. ბავშვი მშობლებმა გაიყვანეს, მაგრამ მიზეზი ჩემთვის უცნობია. ის მეზობლ სკოლაში გადაიყვანეს, მაგრამ ჩვენთან დადის მუსიკალურ წრეზე. ერთხელ კლასელებს უთქვამთ, სხვა სკოლაში რატომ გადახვედი, მოღალატე ხარო, მაგრამ სხვა ინცინდენტი არ ყოფილა. ისინიც ბავშვები არიან და გაეხუმრნენ, მაგრამ ეს არ არის ბულინგი“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

ლია არღვლიანი ფიქრობს, რომ მას ცილი მიზანმიმართულად დასწამეს, თუმცა რა მიზნით, მისთვის უცნობია.



Print