ახალი ამბები
სვანეთში ლითონწარმოების უძველესი კერების აღმოსაჩენად არქეოლოგიური გათხრები ჩატარადება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჭუბერის თემის სოფელ ლახამში არქეოლოგიური გათხრებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია მდინარე ნენსკრას ხეობაში ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის გიორგი ჩხეტიანის საკარმიდამო ნაკვეთზე, სადაც ჩატარებული ექსპედიციები და შედეგად სხვადასასხვა აღმოჩენა მოწმობს, რომ ეს მიკრორეგიონი უძველეს ხანაში საქართველოს ლითონწარმოების ერთ-ერთ მძლავრ კერას წარმოადგენდა.

„ამას ადასტურებს ძვ.წ. VIII-VI საუკუნეების რკინის მეტალორგიული საწარმოს ნაშთები ქვის ნაღები ქურებით. ადგილზე წარმოებული პროდუქტით კი, სავარაუდოდ, მარაგდებოდა როგორც კოლხეთი, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებიც... აღნიშნული ძეგლის ბოლომდე შესწავლა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იქნება სვანეთის (კოლხეთის) მეტალურგიული კვლევის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ტენდერის შესყიდვის ღირებულება 17 000-მდე ლარია. მასში წინადადებები 16-დან 19 ივნისის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ კი სამუშაოები 31 აგვისტომდე უნდა დაასრულოს.

Print