ახალი ამბები
რუხის მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩასატარებელ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩასატარებელ სამუშაოებზე 95 664 ლარი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საუბარია კლინიკაში მოსაწყობი ლიფტების შახტების სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხუთსართულიან კლინიკაში სულ 9 ლიფტი დამონტაჟდება. 

ტენდერში წინადადებების მიღება 12-დან 28 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. კლინიკის ამოქმედების თარიღად ჯერ 2016 წლის ბოლოს ვარაუდობდნენ. მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა 2017 წლის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მიმდინარე წლის ზაფხულში ვენტილაციის პრობლემა დაასახელა, რაც, ამ დროისთვის მოგვარებულია. გასული წლის ნოემბერში ჯადაცვის სამინისტროში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ კლინიკის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება, თუმცა, როდიდან დაიწყებს კლინიკა პაციენტების მიღებას, უცნობია.

სამშენებლო სამუშაოებს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება და პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება.


ამავე თემაზე:

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციონირების დაწყების თარიღი უცნობია
Print