ახალი ამბები
წითლიძე:სუს-მა საქმეებზე,რომლებშიც ზუგდიდელი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ,სისხლის სამართლის საქმე აღძრა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამეგრელოში ადგილობრივი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, საქმე ეხება ოთხ საქმეს, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიც ფიგურირებს.

„ყინულის სახლი, კონტრაბანდა, მეოთხე საჯარო ბაღი, თაუნ პარკი - ეს ის საქმეებია, რომელზეც უკვე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. მე დღეს სწორედ სუს-ის გამომძიებელმა დამკითხა მოდულის შენობაში. მას ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ასევე, გარკვეული დოკუმენტაციაც წარვუდგინე. გარდა ამისა, მათ მთხოვეს იმ მოქალაქეებთან დაკავშირება, ვინც აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდა“, - აღნიშნა წითლიძემ.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში ის ამ ოთხ და დარჩენილ სამ საქმესთან დაკავშირებითაც დაიკითხება, ამასთან. წითლიძის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუბერნატორ ლევან შონიას დაკითხვასაც გეგმავს.

რადიო „ათინათი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. სუს-ის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ პარტიის ადგილობრივ ოფისში 10 დღი წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე კი ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებსა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობას ეხებოდა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი საკითხისა, საუბარი იყო რუხში გლეხებისთვის მიწების წართმევის ფაქტებზე, კორცხელსა და ალერტკარში ჭაბურღილების პრობლემაზე.

თავის მხრივ, გუბერნატორის ადმინისტრაციაში ბრალდებებს კატეგორიულად უარჰყოფენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერს მურთაზ ზოდელავასა და ანა წითლიძეს „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი“ ცნობების გავრცელებისთვის“ სასამართლოში უჩივლა.

ამავე თემაზე:

ანა წითლიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
Print