რეგიონი
სუს: ზუგდიდიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრების მიერ შეტანილი განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ სულ ხუთი განცხადებაა შესული, რომელზეც სამართლებრივი რეაგირება მოხდა და მიმდინარეობს გამოძიება. სუს-ში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული განცხადებების ნაწილი ძველ საქმეებს დაერთო. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ გამოკითხეს. მისი მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამეგრელოში ადგილობრივი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მისივე ინფორმაციით, საუბარია ოთხ საქმეზე: ყინულის სახლი, კონტრაბანდა, მეოთხე საჯარო ბაღი, თაუნ პარკი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ პარტიის ადგილობრივ ოფისში 10 დღი წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე კი ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებსა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობას ეხებოდა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი საკითხისა, საუბარი იყო რუხში გლეხებისთვის მიწების წართმევის ფაქტებზე, კორცხელსა და ალერტკარში ჭაბურღილების პრობლემაზე.

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ინფორმაციას არ ფლობენ. გუბერნიაში რადიო“ათინათს“ უთხრეს, რომ ადგილობრივი მაღალჩინოსნები ამ დრომდე გამოკითხვასა და დაკითხვაზე არავის დაუბარებია.

„ნამდვილად არავის მოუმართავს დაკითხვის თაობაზე, თუმცა ნებისმიერი დასახელებული პირი, დაბარების შემთხვევაში, მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, როცა განცხადება შეაქვთ უწყებაში, თავისთავად, იწყება გამოძიება. თავად წითლიძის განცხადებები კი, მათ შორის, ბრალდებები სხვადასხვა საქმესა და ასევე, დაკითხვასთან დაბარების შესახებ ინფორმაცია, არის ტყუილი და აბსურდული. შეგვიძლია იმ ობიექტებზე, რაზეც არის საუბარი, ერთად წავიდეთ და ვნახოთ. გუბერნატორი რეგიონში არის ძლიერი ფიგურა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამიტომ ებრძვის მას,”- თქვა გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ.

გასულ კვირაში, მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერს მურთაზ ზოდელავასა და ანა წითლიძეს „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი“ ცნობების გავრცელებისთვის“ სასამართლოში უჩივლა.

ამავე თემაზე:

წითლიძე:სუს-მა საქმეებზე,რომლებშიც ზუგდიდელი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ,სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამეგრელოს გუბერნატორი ენმ-ს წევრებს სასამართლოში უჩივის
Print