ახალი ამბები
TI ზუგდიდში პარკირების სისტემაში კორუფციის რისკებს ხედავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვვლევის მიხედვით ზუგდიდში არსებულ პარკირების სიტემაში კორუფციის რისკებს ხედავს. 

დოკუმენტის თანახმად,  “თაუნ პარკთან” მუნიციპალიტეტის ხელშეკრულება არაერთ ხარვეზს შეიცავს, კომპანიის მიერ პარკირების საფასურის გადახდის განსაზღვრული მეთოდი კი უკიდურესად გაუმჭვირვალეა და ქმნის კორუფციის რისკებს.


„მიუხედავად იმისა, რომ “თაუნ პარკმა“ დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარკირება ზუგდიდის ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება პარკირების საფასურის გადახდის სისტემის გაუმართაობის გამო - საფასურის გადახდის ეფექტიანი, გამჭვირვალე და კანონით დადგენილი სისტემის არარსებობა ქმნის კორუფციისა და ფინანსური რესურსების არაეფექტურად განკარგვის რისკებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე არაეფექტიანი მონიტორინგი აფერხებს პარკირების სისტემის სრულფასოვნად გამართვას“, - აღნიშნულია კვლევაში.

გარდა ამისა, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოცემულია აუქციონის ისტორია, რომელშიც მხოლოდ ერთი მონაწილე „თაუნ პარკი“ მონაწილეობდა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიის  100%-იანი წილის მფლობელი ნოდარ ესათია არის შპს “მწვანე ოცნების” 20%-იანი წილის მფლობელი, ამავე კომპანიაში 20%-იან წილს ფლობს დავით შენგელიას შვილი მარინა შენგელია.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია პარკირების საფასურის გადახდაზე, რომელიც ორგანიზაციის ინფორმაციით, ბუნდოვანია. საუბარია პარკირებისთვის განსაზღვრულ ტარიფებსა და სხვადასხვა გარემოებაზე, მათ შორის იმაზე, რომ არ არის დაწესებული ზედა ზღვარი, თანხას მძღოლები პარკირების მეთვალყურეებს უხდიან, რის სანაცლოდაც, უმეტეს შემთხვევაში, მათ ქვითრებს არ აძლევენ.

„პარკირების მეთვალყურეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ ყოველდღიურად უწევთ განსაზღვრული თანხის გადაცემა სს “თაუნ პარკისათვის”. თანხის რაოდენობა ადგილმდებარეობის მიხედვით 10-დან 40 ლარამდე მერყეობს, რამდენიმე ლოკაციაზე (მაგალითად, კედიას ქუჩაზე) კი პარკირების მეთვალყურემ პარკინგის 8 ადგილის სანაცვლოდ სს “თაუნ პარკს” დღეში 30 ლარი უნდა გადაუხადოს; როგორც პარკირების მეთვალყურეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, მათ ფიქსირებული ხელფასი არ აქვთ, მათი გასამრჯელო დღის მანძილზე მძღოლებიდან მიღებულ თანხასა და სს “თაუნ პარკისათვის” გადასახდელ თანხას შორის სხვაობაა. ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ არის გამოყოფილი პარკინგის სპეციალური ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აქვე განმარტებულია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლები არაერთხელ ეცადნენ სს “თაუნპარკის” წარმომადგენლებთან გასაუბრებას, თუმცა უშედეგოდ.

TI-ის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის საკრებულომ ეფექტურად გააკონტორლოს, თუ რამდენად ასრულებს სს “თაუნ პარკი” ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, საკრებულომ ახალი დადგენილება უნდა მიიღოს, რომელშიც, მნიშვნელოვანია, რომ ის ხარვეზები იყოს ასახული, რომელზეც კვლევაშია საუბარი.

ამავე რეკომენდაციით, ცვლილებები უნდა შევიდეს მუნიციპალიტეტსა და სს “თაუნ პარკს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, სრულად უნდა შეიცვალოს პარკირების საფასურის გადახდის სისტემაც, კერძოდ: დადგინდეს პარკირების საფასურის გადახდის გამჭვირვალე სისტემა; განისაზღვროს, თუ რა მოცულობის თანხა უნდა გადაიხადოს მძღოლმა ერთჯერადი პარკირებისთვის, ასევე დადგინდეს საფასური პარკირების ერთკვირიანი, ერთთვიანი და უფრო ხანგრძლივი აბონემენტისათვის; პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი უნდა იყოს უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით;
პარკირების ყველა მეთვალყურე, ვიდრე მათი მუშაობის საჭიროების წინაშე დგას კომპანია, უნდა აღიჭურვოს სალარო აპარატით, რათა ერთჯერადი პარკირების საფასურის გადახდისას, მძღოლებზე გაიცეს შესაბამისი ქვითარი.

ფოტო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

ამავე თემაზე:

მერია: „თაუნ პარკმა“ დავალიანება და ჯარიმა გადაიხადა

Print