რეგიონი
ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით აფხაზეთში „უვიზო რეჟიმი“ ამოქმედდა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის პერიოდში აფხაზეთში უცხოეთის მოქალაქეებისთვის დროებით, „უვიზო რეჟიმი“ ამოქმედდება. შესაბამის ბრძანებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი. ამის შესახებ განცხადებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„რუსეთის ტერიტორიაზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, 15 ივნისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით, უცხოელ მოქალაქეებს ნება მიეცეთ ტურისტული მიზნებისთვის შემოვიდნენ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე ვიზების მიღების აუცილებლობის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრძანება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. რაულ ხაჯიმბა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, პუტინის მიერ მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატზე მიწვეული სტუმრების სიაში არიან.

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და გამოსვლის შესახებ“, რომელიც 2016 წლის 1 აპრილს ამოქმედდა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმი ვრცელდება უცხოეთის ქვეყნების იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებთანაც დე ფაქტო რესპუბლიკას არ აქვს გაფორმებული „სამთავრობათშორისი შეთანხმება ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“.

მანამდე მოქმედი რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლებას აძლევდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ასევე სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკები. უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა ასევე ვენესუელაზე, ნიკარაგუაზე, ვანუატუსა და ნაურუზე.


Print