ახალი ამბები
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტირებაზე ტენდერი ისევ გამოცხადდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა. წინა შემთხვევაში ტენდერი მას შემდეგ შეწყდა, რაც მისი რამდენიმე პირობა ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა. შპს "ჯი-თი" მიიჩნევდა, რომ ტენდერში დისკრიმინაციული ჩანაწერი იყო და არაკონკურენტულ გარემოს ქმნიდა. საჩივარი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პირველად გამოცხადებული ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო.

ახალი სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს, 2007 წლის იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, საქართველოს ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), უნდა გააჩნდეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების, რკინიგზის ან დასახელებული მშენებლობის გაუმჯობესების პროექტირების მომსახურების გაწევის გამოცდილება.

რაც შეეხება შეწყვეტილ ტენდერს, მის პირობებში მითითებული იყო, რომ კომპანიას ზემოაღნიშნული სამუშაოები საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოების ტერიტორიებზე უნდა ჰქონოდა შესრულებული.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირების ტენდერი პირველად გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა. მეორედ - მიმდინარე წლის თებერვალში. პროექტირების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 998 972 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის სიგანე 11 მეტრი იქნება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე, რაც 30 მეტრიან კორიდორს ითვალისწინებს, განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.

რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუტურას, ოპერირების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა (17-18კმ). გარდა ამისა, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.

ამავე თემაზე:

პორტამდე მისასვლელი გზის პროექტირებაზე ტენდერი შესაძლო დისკრიმინაციის გამო შეწყდა


Print