ახალი ამბები
ნოქალაქევში არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება
სენაკის მუნიციპალიტეტში,  ნოქალაქევის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ გასულ წლებში დაწყებული არქეოლოგიური გათხრები უნდა გააგრძელოს, რომლის მიხედვითაც გარკვეული ელინისტური ნაგებობების ქვების წყობა და დიდი ზომის ნაგებობების ნაშთები გამოვლინდა, რომლებიც, სავარაუდოდ, კოლხეთის დაბლობისთვის იყო დამახასიათებელი. ამავე სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია ორი სამარხი, სამკაულები, ბრინჯაოსა და ელინისტური პერიოდის ნივთები და მასალები. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული გათხრებით ასევე ადრეშუა საუკუნეებისა და ანტიკური ხანის მასალების ფრაგმენტებსა და ბიზანტიის ინპერატორ მავრიკ ტიბერიუსის სპილენძის 30 ნუმიან მონეტასაც მიაგნეს. აღნოჩენილია შეუასაუკუნეების, ელინისტური, ადრეანტიკური და წინარეანტიკური ხანის კულტურული ფენები, სამაროვანი და სამოსახლოს ნაშთები.

მიმდინარე წელს კი რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოების გაგრძელებაა დაგეგმილი, რისთვისაც 35 000 ლარი გამოიყო.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2018 წლის 31 აგვისტომდე უნდა დაასრულოს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. კომპლექსურ სამუშაოებს, რომელიც 2016 წელს დაიწყო, სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროექტი საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

ამავე თემაზე:

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება
Print