ახალი ამბები
ენგურჰესი და აშშ-ს ჰუვერის კაშხალი ითანამშრომლებენ
18 ივნისს ვაშინგტონში აშშ მელიორაციის სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელსა და შ.პ.ს. "ენგურის ტურისტული ცენტრის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, შეთანხმება ჰუვერის კაშხლის ცენტრალურ ადმინისტრაციასა და ენგურჰესის ტურისტული საიტის მმართველ უწყებას შორის პარტნიორობის სამომავლო გეგმებს განსაზღვრავს.



სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკელი პარტნიორების გაცნობის მიზნით ქართული დელეგაცია შეერთებულ შტატებში 12 ივნისიდან იმყოფება. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძე, მისი მოადგილე პაატა დოლიძე, შ.პ.ს. ენგურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და შ.პ.ს. "ენგურის ტურისტული ცენტრის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი არიან. მათ ჰუვერის ადმინისტრაციასთან უკვე გამართეს საქმიანი შეხვედრები, სადაც ქართული მხარე ნევადის შტატში მდებარე ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებას გაეცნო.


თავის მხრივ, ენგურჰესის ტურისტული ზონის ახლადშემუშავებულ საპროექტო დოკუმენტაციას გაეცნო ამერიკული მხარეც, რომელიც, როგორც სააგენტოში ამბობენ, პროექტის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურ ინტერესს იჩენს. ესტონური კომპანია "კოკო არქიტექსის" სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის განხორციელების საწყის ეტაპს კი ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციის წევრები საქართველოში ადგილზევე გაეცნობიან. მათი ვიზიტი ენგურის თაღოვან კაშხალზე მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.



ჰუვერის კაშხალი მდინარე კოლორადოზე მდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობაა , როემლიც აშშ-ის 2 შტატს - არიზონასა და ნევადას აკავშირებს. თაღოვანი კაშხლის სიმაღლე 221 მეტრია. ის 1981 წელს შევიდა აშშ-ს ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ სიაში. 1985 წელს კი ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდიდან ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე აქტიურადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჰუვერის კაშხლის ტურისტულ საიტს ყოველწლირად 8 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.

ენგურჰესის კაშხალზე "მსოფლიო დონის ატრაქციის" პროექტირებაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და მას ოფიციალურად ივლისის ბოლოს წარადგენენ.



კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მაღალ ლიფტსა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.სამუშაოებში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

ამავე თემაზე:

„ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ - პროექტირება დასრულებულია (ვიდეო)
Print