ახალი ამბები
მესტიის გზაზე „შავ ღელესთან“ მოძრაობის უსაფრთხოების პროექტირებაზე 1,7 მლნ გამოიყო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი „შავი ღელეს“ მეწყრულ მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების პროქტეირებისთვის 1 700 000 ლარს დახარჯავს. უწყებამ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კმ-ზე არსებული მეწყრული უბნის ("შავი ღელე") შესწავლასა და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის განსახორციელებლი ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ მეწყრული უბანი უნდა შეისწავლოს, რის შემდეგაც გზის ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობის სრულფასოვანი აღდგენის რამოდენიმე ალტერნატიული ვერსია უნდა შეიმუშაოს, რომელთაგან საუკეთესო ვარიანტს შეარჩევს. მიღებული ვარიანტი ეკონომიური, ტექნიკური და გარემოზე ზემოქმედების კუთხით უნდა იყოს დამუშავებული. ასევე, პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს დასაკავებელი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტში ასახული უნდა იყოს განსახლების სამოქმედო გეგმა.

ამავე დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ „შავი ღელეს“ მეწყრული უბანი მდებარეობს გზაზე, რომელიც ზემო სვანეთსა და დაბა მესტიას აკავშირებს ქვეყნის ძირითად ნაწილთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიურ და ტურისტულ მაგისტრალს წლის ყველა დროისათვის. გარდა ამისა, გზის ამ მონაკვეთზე რამდენიმე ათეული წელია აღინიშნება მნიშვნელოვანი მეწყრული დეფორმაციები, რაც აფერხებს და ხშირად რამოდენიმე დღის განმავლობაში კეტავს ტრანსპორტის მოძრაობას.

ამასთან, ნათქვამია, რომ მეწყრული მოვლენების გააქტიურების შედეგად გზა არაერთხელ გამოვიდა მწყობრიდან და მისი განვლადობის უზრუნველყოფა დეპარტამენტს მნიშვნელოვანი თანხები უჯდება.

ამ დროისთვის ტენდერში წინადადნება მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალმა“ შეიტანა, რომელიც სამუშაოების შესასრულებლად 1 500 000 ლარს ითხოვს. გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს.



Print