ახალი ამბები
აფხაზეთში "ღირსების მკვლელობები" გრძელდება
ოჩამჩირის რაიონში ძმამ და მოკლა, - წერს „ეხო კავკაზა“. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, მოკლული ოთხი შვილის დედაა, რომელთა შორის ერთი  ჩვილია. მკვლელობა მიმდინარე წლის 9 ივნისს მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალურ ვებგვერდებზე არ გამოქვეყნებულა, ის სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებლებმა გაავრცელეს.

გამოცემის ცნობით, მანამდე, ქმრის ოჯახიდან ფულის ქურდობის გამო ახალგაზრდა ქალს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოტანისას სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ ბრალდებული მრავალშვილიანი დედაა და განაჩენის აღსრულება მანამდე გადაავადა, ვიდრე უმცროსი შვილი 14 წლის ასაკს არ მიაღწევს.

ქალი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მისმა ძმამ წამოიყვანა. მეორე დღეს, მან დას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თავად კი სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გამოცემის ცნობით, ოჩამჩირეში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმარება მოჰყვა. აფხაზი ფეისბუქ მომხმარებელი ომარ კაპბა წერს, რომ ე.წ "ღირსების მკვლელობები" ქალების წინააღმდეგ შურისძიების იარაღად იქცა.

"ღირსების მკვლელობა" გახდა მშვენიერი ალიბი იმისთვის, რომ შური იძიონ ან უბრალოდ თავიდან მოიშორონ არასასურველი ქალი. ამ მხეცურ მკვლელობებს ჩადიან მამები და ძმები, რომლებიც გამოქვაბულის დროინდელი წარმოდგენების ან ვიღაც დაინტერესებული პირების გავლენის ქვეშ არიან", - წერს ომარ კაპბა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას.

ერთი წლის წინ რობერტ ჯღამაზიამ თავისი 23 წლის გოგო ანჟელიკა ჯღამაზია მოკლა. მისი ნათესავები მაშინ აცხადებდნენ, რომ შვილის მკვლელობისკენ რობერტ ჯღამაზიას პარლამენტის დეპუტატმა ალმას ჯაპუამ უბიძგა, რომელმაც ჯღამაზიას შვილების „პატიოსნება ეჭქვეშ დააყენა.“ რობერტ ჯღამაზია გაასამართლეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის 12 მარტს, ვიკტორ ჯანბამ ავტომატით ჩაცხრილა თავისი მცირეწლოვანი შვილის დედა გულგაზ მამედოვა, ქალი ადგილზე დაიღუპა. მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.


Print