რეგიონი
თემურ ნადარაია: გალის სკოლებში მიმდინარე პროექტებზე ინფორმირებული უნდა ვიყოთ
ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას თქმით, მას მოსწავლეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილოეობის მიღება არ აუკრძალავს. შესაბამის კითხვაზე პასუხისას მან „აფხაზია ინფორმს“ უთხრა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მან მართლაც გამართა თათბირი გალის რაიონის სკოლის დირექტორებთან, თუმცა შეხვედრაზე საუბარი იყო არა აკრძალვაზე, არამედ შეთანხმებაზე.

„გალის სკოლის დირექტორებთან თათბირზე ვისაუბრე, რომ სკოლაში მიმდინარე პროექტებზე ინფორმირებული უნდა იყოს არა მხოლოდ განათლების სამინისტრო, არამედ ადმინისტრაციაც. ცოტა ხნის წინ, ტყვარჩელის ერთ-ერთ სკოლაში იმყოფებოდნენ გალელი მოსწავლეები, რომლებმაც მეგრულ ენაზე იმღერეს, რამაც სკანდალი გამოიწვია. მომხდარის შესახებ გალში მოქმედმა არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ აიღო პასუხისმგებლობა და ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდა“, - აღნიშნა მან.

ნადარაიამ აქვე აღნიშნა, რომ მან უარი უთხრა დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებს საბავშვო ბანაკების მოწყობაზე. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებდა ფილმის გადაღებას ბავშვების უფლებებზე, მშვიდობის შენებასა და შერიგებაზე.

„მე მიმაჩნია, რომ თუ პროექტში არის იდეოლოგიური შემადგენელი, ის აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ჩვენთან, თორემ, შესაძლოა, გალელი ბავშვების მონაწილეობით ფილმი სადმე გავიდეს, და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდეთ“, - თქვა ნადარაიამ.




Print