რეგიონი
გალისა და ოჩამჩირის რაიონებში რეპატრიანტების ჩასახლება იგეგმება
ოჩამჩირეში რეპატრიანტების განთავსების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. დე ფაქტო აფხაზეთის რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა და ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხრიპს ჯოპუამ აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა აფხაზეთში დაბრუნებისა და მუდმივად დასახლების მსურველების რაოდენობა. მათი თქმით, რეპატრიაცია ერთ- ერთი საუკეთესო გამოსავალია დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად.

„ოჩამჩირის რაიონში 14 დაცარიელებული სოფელია, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ. ქალაქ ოჩამჩირეში, მე- 6 რაიონში, 2 კორპუსია, ერთ-ერთ მათგანში 20-მდე ოჯახის, ხოლო მეორეში - 78 - ის ჩასახლებაა შესაძლებელი. ჩვენ მზად ვართ ისინი რეპატრიაციის სამინისტროს ბალანსზე გადავიყვანოთ. სოფელ აჩიგვარაში არის 5 ათასამდე ადამიანის განსახლების საშუალება. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარეობს სკოლის მშენებლობა, რომელიც 170 ბავშვზეა გათვლილი. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, რაიონში ორი სათბურია, სადაც ბოსტნეულია მოშენებული. იქ თურქეთიდან ჩამოსული რეპატრიანტები მუშაობენ. შესაძლოა კიდევ 10 ოჯახის დასაქმება. ქალქში არის სკოლა - ინტერნატი, სადაც ასევე შეიძლება ბავშვების განთავსება“, - განაცხადა ხრიპს ჯოპუამ.

ბესლნა დბარის ინფორმაციით, დღესდღეობით, აფხაზეთში 5 ათასამდე რეპატრიანტი ცხოვრობს. 200 - ზე მეტი ბავშვი ამ ოჯახებიდან აფხაზურ სკოლებში სწავლობს. მისივე ცნობით, „აფხაზეთის მიერ სირიის აღიარების შემდეგ, რესპუბლიკაში სირიიდან კიდევ ორი ოჯახი ჩამოვიდა საცხოვრებლად“.

მანამდე მსგავსი შეხვედრები გალის რაიონშიც გაიმართა, სადაც გალის რაიონში სირიის რეპატრიანტების განსახლების შესაძლებლობები განიხილეს.

“გალი აფხაზეთის ნაწილია და მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ადამიანური რესურები“, - თქვა მაშინ დე ფაქტო რასპუბლიკის რეპატრიაციის მინისტრმა.

თურქეთსა და სირიაში მცხოვრები რაპტრიანტების გალისა და ოჩამჩირის რაიონში ჩასახლების კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით არ დასახელებულა.


Print