რეგიონი
ზუგდიდში კონკურსის "სიჭაბუკე და ლექსი ერთია" დასკვნითი საღამო გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“ დასკვნითი საღამო ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მიიღეს და როგორც საკუთარი, ასევე პოეტ დათა გუნიას ლექსები წაიკითხეს. გარდა ამისა მუსიკალური ნომრები შეასრულეს ადგილობრივმა ანსამბლებმა და მომღერალმა ნანა ჩიქავამ. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნული კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და მასში 57 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ პოეტები ზუგდიდიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან.




„კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა თბილისში სადაც გამოვავლინეთ გამარჯვებულები -  მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. ახალგაზრდების ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია და მიიჩნია, რომ პირველი ადგილი არცერთისთვის არ მიეკუთვნებინა. კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და ვფიქრობ, რომ ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მასში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჩაერთვება“, - აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა ციცინო ჭულუხიძემ.



კონკურსი  „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“ ახალგაზრდა პოეტის დათა გულუას ხსოვანს ეძღვნება და ის აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირის და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით ტარდება.



ახალგაზრდა პოეტი 18 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა კრებულები “დავბრუნდი თქვენთან” და “მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის”. მისი პოეზია ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში.



Print