ახალი ამბები
სოფელ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა. შესაბამისი კუთხე სოფლის ბიბლიოთეკის შენობაში მოეწყო და მას ორი ოთახი დაეთმო. მუზეუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა გახსნა.



აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი დაწესებულებების გახსნა დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.



„ერთი წლის წინ გაჩნდა იდეა ოკუპაციის მუზეუმის გახსნისდა ამისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო ფინანსები. მსგავსი მუზეუმი გავხსენით გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში. სამეგრელოში ეს არის პირველი მუზეუმი, რომელიც აუცილებელია. ამ ეტაპზე აქ მხოლოდ ფოტომასალაა გამოფენილი, თუმცა მომავალში აქ არაერთი დისკუსია მოეწყობა სწორედ დეოკუპაციაზე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტკივილია. აუცილებლად ვგეგმავთ გაფართოებასაც“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.



ოკუპაციის მუზეუმის გახსნას მიესალმებიან ხურჩელები, რომლებიც დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ. მათი თქმით, შენობაში, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლტოლვილთა პირველი საშუალო სკოლის ფუნქციას ითავსებდა, ამ ტიპის კუთხის გახსნა ნიშანდლობლივია.



„ნიშანდობლივი და მისასალმებელია, რომ ხურჩაში გაიხსნა ეს მუზეუმი, რადგან ჩვენმა სოფელმა, მისმა მოსახლეობამ რთული გზა გაიარა. ხურჩა ენგურს გამოღმა პატარა სოფელია და არ აქვს თავდაცვითი უნარი. ოთხჯერ მოუწია ამ სოფლის დატოვება ადამიანებს ცნობილი მოვლენების დროს“, - აღნიშნა ჯამბულ ეხვაიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა ზუგდიდის მერიის ააიპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორმა მადონა მაქაცარიამ. მისი თქმით, მუზეუმის სახელწოდება „არვის ჩვენი მიწა“ თავად შეარჩია.



„ე.წ. მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებლების გაღიზიანება რომ არ გამოგვეწვია, სიტყვა „საოკუპაციო“, რომელიც არ ჟღერს კარგად, შევცვალეთ და ჩვენს კუთხეს დავარქვით „არვის ჩვენი მიწა“. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რასაც აქ ხედავთ“, - თქვა მაქაცარიამ.



მუზეუმში, რომლისთვის ბიბლიოთეკის შენობაში ამ ეტაპზე ორი ოთახი გამოიყო, აფხაზეთის ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენები ქრონოლოგიურად არის ასახული. მათ შორის, წარმოდგენელია 2016 წლის ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას შესახებ ინფორმაციაც.



მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" ფარგლებში შეიქმნა.

ამავე თემაზე:

ხურჩაში პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობით ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება


Print