ახალი ამბები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით ამ ეტაპზე ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, საწყის ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება. უწყების ცნობით, ამის მიზეზი ამ ქალაქებში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლის დასრულების შემდეგ მართვის მოწმობის გამოცდას რეალურ სივრცეში გადმოიტანენ.

„მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება ყველა იმ ქალაქში მოხდება, სადაც გამოცდებს კანდიდატები აქამდე აბარებდნენ. პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ვინაიდან ამ ქალაქებში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების, ასევე ასფალტის საფარის ცვლილებას ითვალისწინებს. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება წლის ბოლომდე გადავადდა. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება - რეალურ მოძრაობასთან ერთად, გამოცდის ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე გავლაც მოუწევთ

Print