ახალი ამბები
ცვანეში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდის სოფელ ცვანეში არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ცვანეს „დიხაგუძუბაზე“(ნამოსახლარი ბორცვი), სადაც მცირემასშტაბიანი საველე სამუშაოების შედეგად, ორი კულტურული ფენა გამოვლინდა.

„საცდელ თხრილში გამოვლინდა ორი კულტურული ფენა, რომელთაგან პირველი ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობის ნანგრევებითა და ძვ.წ. IV-III საუკუნეების დამახასიათებელი თიხის ნაწარმს, მეორე ფენა კი დიდი რაოდენობით ნაცარს, ნახშირსა და ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანების კერამიკას შეიცავს. ეს ფენა დევს მკვრივ თიხატკეპნილ იატაკზე, რომელიც ხის ზოლებისგან განამრთულ აბსტრაქციას ფარავს. მასში უხვად შეინიშნებოდა ხის წვრილი ტოტები, ხშირად შემორჩენილ ფოთლებთან ერთად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აღნიშნული არტეფაქტები ფოთის მუზეუმში ინახება.

სამუშაოები, რომლის შესყიდვის ღირებულება, 12 712 ლარია, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებები 28 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით მიიღება.

Print