ახალი ამბები
გდი:სენაკში გამოვლენელი ხე-ტყის უკანონო ჭრის შედეგად გარემოს 3 ათას ლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთაში, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მათ კედარის სახეობის 10 ერთეული და კრიპტომერიის სახეობის 7 ერთეული უკანონოდ მოჭრილი ხე ნახეს.

"ადგილზე აღებული კოორდინატები საკუთრების უფლების დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა. მათი პასუხის თანახმად, 10 ერთეული კედარის სახეობის ხის ჭრის ქარსაფარი ზოლის ტერიტორია, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის. ხოლო, 7 ერთეული კრიპტომერიის სახეობის ხე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეოს კოლხეთი-ჩხოროწყუს სატყეო უბნის ტერიტორიაზეა მოჭრილი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, 10 ერთეული კედარის უკანონო ჭრის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანმა 2180,10 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება. ხოლო, 7 ერთეული კრიპტომერიის ხის მოჭრისათვის, გარემოსათვის მიყენებული ზიანი 850 ლარით განისაზღვრა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.

Print