რეგიონი
ღია მმართველობის პრინციპების შესახებ ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა
NDI-ის ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი საკითხების გამოკვეთაზე საჯარო განხილვა გაიმართა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელმა პირებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენელმა მიიღეს.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ შეხვედრაზე მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგილ მექანიზმებზე ისაუბრა, რომელიც უკვე ხორციელდება მუნიციპალიტეტში.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ, რომ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა რჩება. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: „კარდაკარ საჭიროებებზე,“ „უფრო ახლოს ხალხთან“ „დასახლების საერთო კრება“ და სხვა. ეს პროექტები ითვალისწინებს მერისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების მოსახლეობასთან ადგილზე გასვლას და მათი საჭიროებების მოსმენას. ასევე იგეგმება კომუნიკაციის ახალი ფორმების დანერგვა: „ცხელი ხაზი,“ ,,იდეა ქალაქის მერს“ და „ერთი დღე მერთან“, - აღნიშნა მერმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ იმ ვალდებულებებზე ისაუბრა, რომელიც ზუგდიდის მერიას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში აქვს აღებული.

„პირველი ეს არის ელექტრონული პეტიცია, რომლის შესახებ დადგენილება უნდა იქნას მიღებული, რათა ის ძალაში შევიდეს და მეორე ეს არის sms info, რომელიც ამა თუ იმ საკითხზე მოსახლეობის ინფორმირებულობას გულისხმობს. sms info ტექნიკური თვალსაზრისით უფრო გამართული უნდა იყოს და მოქალაქეს, ინფორმაციების მიღების სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ნომრის დამატება უნდა შეეძლოს“, - აღნიშნა არჩილ თოდუამ.

ღონისძიების მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო, სადაც მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

NDI-იმ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში პირველად გამართა ერთიანი შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან. აღნიშნული პროგრამის მიზანია, მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაზრდა, რაც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.


Print