რეგიონი
მერაბ ქვარაია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. მან შეკრებილებს პარლამენტში მუშაობის სამთვიანი ანგარიში წარუდგინა.

დეპუტატმა ყურადღება,ძირითადად, სოციალურ საკითხებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა შესაცვლელია. ამასთან, მისივე თქმით, უნდა გადაიხედოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის ქულების მინიჭების საკითხი, რომელიც ყოველთვიურ შემწეობას განსაზღვრავს.

„კომიტეტის სხდომაზე გვქონდა ამ საკითხზე საუბარი და შევთანხმდით, რომ სოციალური პოლიტიკა დასახვეწია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დავიწყოთ. გარდა ამისა, პრობლემად რჩება დასაქმების საკითხი. ამ თვალსაზრისით არ გვაქვს არანაირი სერვისი, რომელიც დამსაქმებლისა და დასასაქმებლის ურთიერთობას ასახავს. უნდა ხდებოდეს გამოკვლევა, თუ რატომ ვერ საქმდება ესა თუ ის ადამიანი “, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მერაბ ქვარაიამ ქალაქში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ სამუშაოებზე პასუხისმგებელმა კომპანიებმა გზების მოწესრიგებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.



„რბილად რომ ვთქვათ, ეს კომპანიები იქცევიან უპასუხისმგებლოდ. გზებზე დროულად არ ხდება ბალასტის ამოვსება, რაც დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს. ჩვენთვის გასაგებია ის სიკეთე, რომელსაც ამ პროექტისგან ველოდებით, თუმცა პრობლემები, რასაც ეს სიტუაცია ქმნის, მაქსიმალურად უნდა იყოს თავიდან აცილებული. ამასთან, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მუშებს ხელფასები დაუგვიანეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ შევხვდი "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ახალ დირექტორს და მისგან მივიღე პირობა, რომ ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევს  “, - აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება პარკირების საკითხს, მერაბ ქვარაია ფიქრობს, რომ ეს სისტემა სათანადო დონეზე არ მუშაობს. „ვერ ვიტყვით, რომ ქალაქში ეს პრობლემა მოგვარებულია, ფირმამ, რომელიც პარკირებას აწესრიგებს, მეტი უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც ქალაქში ყველაზე მწვავედ დგას. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენლის კახა ჯინჯოლიას თქმით, კომპანია, რომელსაც მიუსაფარი ძაღლები გაჰყავს არაკეთილსინდისიერად მუშაობს.

„დავრეკეთ ამ კომპანიაში, მოვიდნენ, არც დამჭერები ჰქონდათ და არც რაიმე სხვა ნივთი, რომლითაც ძაღლები უნდა დაეჭირათ. ჩვენ გვყავდა რამდენიმე ძაღლი დაჭერილი და ის წაიყვანეს, თუმცა რამდენიმე კილომეტრში, აქვე ქალაქში ჩამოსვეს“, - თქვა ჯინჯოლიამ.



საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დეას” ხელმძღვანელმა მადონა ხარებავამ ადმინისტრაციულ შენობებში შშმ პირების შეღწევადობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შენობების ნაწილში პანდუსები მოწყობილია, შეღწევადობა მაინც შეზღუდულია.

„სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მივედი და ვისარგებლე პანდუსით, თუმცა კარი დაკეტილი დამხვდა“, - თქვა ხარებავამ.

საზოგადოება „ზუგდიდელის“ ხელმძღვანელმა მურმან ნაჭყებიამ ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს სთხოვა შესაბამის დონეზე დააყენოს ქარსაცავი ზოლების გაშენების აუცილებლობა. მისი თქმით, მოსავლის სრულყოფილად მიღების და ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ერთ-ერთი წინაპირობა ხეების გაშენებაა.



„ასევე აუცილებელია აიკრძალოს ქიმიური სასუქების გამოყენება და ჩვენ ამის ალტერნატივა გაგვაჩნია. ჭურიის მიდამოებში არის ტორფის საბადო 40 ჰა-ზე და მასთან ერთად უნდა იქნეს გამოყენებული დოლამიტი, რომელიც წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ბლომად მოიპოვება. ტორფ-დოლამიტიანი კომპოსტი ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია მჟავე ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა ნაჭყებიამ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერაბ ქვარაიამ შეხვედრის ბოლოს თქვა, რომ შესაძლებელია ზუგდიდში სოფლის მეურნეობის თემატიკაზე შეხვედრა გაიმართოს, რომელსაც შესაბამისი კომიტეტის წევრები დაესწრებიან.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.


Print