რეგიონი
ზუგდიდის ციხის ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს
ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისათვის, ამავე დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

ამავე ცნობით, დადგინდა, რომ 2008-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლები - ი.ჭ., თ.გ., ლ.კ. და გ.გ. ამცირებდნენ პატიმრებს, ეპყროპოდნენ არაადამიანურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში .

„ კერძოდ, ზუგდიდის N4 დაწესებულებაში შესახლებისას ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ ყველა პატიმარს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება. პატიმრებს ასევე უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. გარდა აღნიშნულისა, პატიმრებს აიძულებდნენ თანხმობა განეცხადებინათ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან ფარულ თანამშრომლობაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სასამართლო განხილვისას დაიკითხა 70-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი.

თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცრდათ ერთი მეოთხედით და საბოლოოდ თითოეულს განესაზღვრათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.


Print