რეგიონი
ვასილ გაბუნია: ხობში აღმოჩენილი მინერალები სეპტარიებია და შესაძლოა, 2-3 მლნ წლის იყოს
მდინარე ხობისწყლის კალაპოტში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი დიდი ზომის მინერალები ე.წ. დალექვის თავისებურებით გამორჩეული კონკრეცია-სეპტარიებია, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ განამარხებულ ფაუნასთან - ამონიტებთან. ამის შესახებ რადიო "ათინათს"ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ გაბუნიამ უთხრა.

"მსგავსი გეოლოგიური ფორმები ნაპოვნია მდინარე ხანის ხეობაში, ქალაქ ბაღდადთან. მათი პოლირებული ანათლები ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ძვირფასი მოსაპირკეთებელი მასალა, რადგან შიგნით ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის და ფერის კვარციტები. ასეთი ადგილები, როგორც წესი, გეოტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს", - აღნიშნა მან.


პალეონტოლოგი მიიჩნევს, რომ სეპტარია საინტერესო ლითოლოგიური მოვლენაა, რომელიც მინერალოგებმა და ლითოლოგებმა უნდა შეისწავლონ.

"შესწავლილი უნდა იქნას როგორც დალექვის სისწრაფე, ასევე თერმული წყლების ზემოქმედება (თუ ასეთიც იღებდა მის წარმოქმნაში მონაწილეობას). რაც შეეხება მათი წარმოქმნის სისწრაფეს - დიამეტრიდან გამომდინარე 2-3 მილიონი წელი მიმდინარეობდა. რაც შეეხება ამონიტებს, ისინი 65 მილიონი წლის წინ კომეტის ვარდნის შემდეგ გადაშენდნენ დინოზავრებთან ერთად", - ამბობს პროფესორი.

კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილი მათი წარმოშობის ადგილიდან გადატანა, გაბუნია გვპასუხობს, რომ ამან შეიძლება სეპტარიები დააზიანოს.

"გასათვალისწინებელია საერთაშორისო გამოცდილება. არაა გამორიცხული, რომ გარემოს შეცვლამ მათი დაზიანება გამოიწვიოს. თან მუზეუმში ან ქალაქის პარკში დადებული სეპტარია არ მგონია ისეთივე შთამბეჭდავი იყოს, როგორც ახლაა", - თვლის ვასილ გაბუნია.



ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ იქნა კონკრეციები. ისინი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტმა ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ შენიშნა. მან ფაქტის ამსახველი ფოტოები საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოებაში გააგზავნა.

"არსებული ნიმუშები დიდი ხნის წინათ გადაშენებული ზღვის ცხოველებს, ე.წ. ამონიტებს გვანან, რომლებიც დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ", - ნათქვამია ზურაბ ჯანელიძეს წერილში.

პროფესორის რეკომენდაციით, აღმოჩენილი წარმონაქმნების გადატანა ისეთ ადგილზე უნდა მოხდეს, სადაც მოხდება მათი დაცვა. გარდა ამისა, ისინი პალეონტოლოგებმა და ლითოლოგებმა უნდა შეისწავლონ.
ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია ამბობს, რომ ზემოაღნიშნული აღმოჩენით დაინტერესებულია და ადგილზე სპეციალისტების ჩაყვანას გეგმავს.

ამავე თემაზე:

ხობში აღმოჩენილი კონკრეციები შესაძლოა 60 მილიონი წლის იყოს

Print