პოლიტიკა
წითლიძე საია-ს განცხადებაზე: ეს არის ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის შეფასებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ენმ-ის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე უცნაური და ორმაგი სტანდარტების მაგალითია. როგორც წითლიძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, ისინი დაპირებას საბიუჯეტო ფარგლებში გასცემენ, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

„ჩვენ არ ვპირდებით ამომრჩეველს ფინანსური პრობლემების მოგვარებას, უფასო ფულს, სარეცხ მანაქანებს და ა.შ. რასაც 2012 წელს ივანიშვილი აკეთებდა, თუმცა ამაზე რატომღაც საია-ს მაშინ პრეტენზია არ ჰქონია. კანონის არასწორი ინტერეპრეტაციაა, როდესაც ჩვენი მხრიდან საგარანტიო სერთიფიკატების გაცემა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად შეფასდა მათი მხრიდან. ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში დაზარალებულ მოსახლეობას, მთელ რიგ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს, ვიღებთ ვალდებულებას ყველა ეს პრობლემა შევისწავლოთ და კანონის ფარგლებში დავეხმაროთ. შესაბამისად, საია-ს ეს განცხადება საგარანტიო სერთიფიკატების გაცემას ჩვენი მხრიდან ვერ შეაფერხებს. უპრიანი იქნებოდა, მათ ყურადღება საარჩევნო პროცესის პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის პირდაპირ მოსყიდვის ფაქტებზე გაემახვილებინათ, რომელიც ყველა რეგიონში და განსაკუთრებით, სამეგრელოში საგანგაშო მასშტაბებს იძენს“, - თქვა ანა წითლიძემ.

საია-მ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ენმ-ის ახალ ინიციატივასა და მოქალაქეებისთვის „გარანტიის სერთიფიკატის“ გადაცემაში, სავარაუდოდ, იკვეთება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარტიის, მისი წარმომადგენლების მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით.ინიციატივის თანახმად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობისთვის ზიანს ანაზღაურებას გეგმავს, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2 წლიანი მორატორიუმის გამოცხადებასაც აპირებს.

პროექტის ფარგლებში პარტია მძიმე ეკონომიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობას სთავაზობს.

ამავე თემაზე:

საია ენმ-ის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს
Print