ახალი ამბები
სამეგრელო და იმერეთი ერთობლივ ტურისტულ პროექტებზე მუშაობენ
სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტერმუნიციპალური და ინტერრეგიონალური ტურისტული პროექტების განხორციელება იგეგმება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ახალ ტურისტულ მარშრუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა მარტვილში გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მათ მარტვილის და ხონის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად განსახორციელებელ ტურისტულ პროექტებზე ისაუბრეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შექმნილი სამუშაო ჯგუფი ორ კვირაში ახალ ტურისტულ მარშუტებსა და არსებულ საჭიროებებზე პირველადი მოკვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად სამუშაო ჯგუფში გეოგრაფები, სპელეოლოგები და დარგის სპეციალისტები შედიან. პრიორიტეტების შერჩევის დროს უპირატესობა ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ობიექტებს მიეიჭება.

"ჩვენ გვაქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, თუმცა ამის მცირედ ნაწილსაც კი ვერ ვიყენებთ, რისთვისაც საჭიროა, როგორც მუნიციპალური, ასევე რეგიონალური ერთობლივი პროექტების განხორციელება, რათა ტურისტებს რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ლოკაცია შევთავაზოთ, ეს უნდა იყოს კომპაქტური და ამავდროულად კომპლექსურად მართული პროცესი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ერთ რეგიონში მოსული ტურისტი მეორე რეგიონსაც მივაბათ და ერთობლივი ტურები შევთავაზოთ. ამისთვის საჭირო იქნება ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა და საერთო მარშრუტების შექმნა. მაგალითად, ტურისტები, რომლებიც პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციას და ოკაცეს კანიონს სტუმრობენ უნდა შემოვიდნენ მარტვილის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ტურისტულ ობიექტებზე, ასევე პირიქით. უნდა არსებობდეს ბმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ტურისტები ვცვალოთ და რაც შეიძლება დიდი ხანი დავაყოვნოთ ჩვენს რეგიონებში, რომ აქ ბევრი ფული დახარჯონ, რაც თავისთავად დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - აღნიშნა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.



მისივე თქმით, ტობავარჩხილის ტურისტულ ლოკაციამდე მისასვლელად ტურისტებს უნდა შეეძლოთ როგორც - ჩხოროწყუდან, ასევე წალენჯიხიდან, მარტვილიდან და ხაიშიდან ჩასვლა.

შეხვედრას მარტვილის, ხონის მერები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და დაცული ტერიტოორიების წარმომადგენლები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს ახალი ტურისტული მარშუტების შესწავლა და დაგეგმვა თებერვალში დაავალა.

ამავე თემაზე:

ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ, შესაძლოა, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყოს


Print