რეგიონი
ბრიტანეთში ქართველების მიერ დაფუძნებული კომპანია ზუგდიდში აჯიკის ფესტივალს გამართავს
ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე 30-31 აგვისტოს საუკეთესო აჯიკის და სხვა ქართული პროდუქტების გამოსავლენად საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია ,,სუნელი", რომელიც ქართველებმა რამდენიმე წლის წინ ინგლისში დააფუძნეს. კონკურსის გამარჯვებულის რეცეპტით დამზადებული და შეფუთული პროდუქტი 1 წლის განმავლობაში გაიყიდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მოხდება მისი საზღვარგარეთ იმპორტირება, ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. წლევანდელი კონკურსის ნომინაციებია: აჯიკა, ტყემალი, სვანური მარილი და პომიდვრის საწებელი. 

"ფესტივალის და აჯიკის თემა განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენთან პროდუქტების ხარისხი მოიკოჭლებს. დახლზე დევს ხშირად უკვე მოძველებული, 60-იანი წლების, ,,გოსტის" ტექნოლოგიით დამზადებული და იგივე სტილით შეფუთული აჯიკა, ტყემალი, საწებელი და ა.შ. ბევრი, როგორც ადრე შინ აღარ ამზადებს, რადგან კარგი, ნამდვილი, საოჯახო პროდუქტი, რომელზე მოთხოვნაც არის, იყიდება კონკრეტულ პირებთან, რომლებიც ხშირად საყოფაცხოვრებო გარემოში ამზადებენ და ნაცნობობით იცის მათ შესახებ ხალხმა. ჩვენი ფესტივალი სწორედ ამ ხალხის ხელშეწყობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, იურიდიული პირებიც შეძლებენ მონაწილეობას, რადგან ეს საყოველთაო აჯიკის თემაა და მიღმა არავინ უნდა დარჩეს. მაღალკვალიფიციური ჟიურის პანელის საშუალებით გამოვავლენთ კერძო დამამზადებლებსაც და დამწყებ ინდივიდებსაც", - უთხრა რადიო "ათინათს" ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქეთი მაღლაკელიძემ.

გარდა ამისა, ამავე კონკურსზე, საქართველოს ისტორიაში პირველად, გამოვლინდება საუკეთესო გარე-კვების (სტრით-ფუდის) ოსტატი, რომელსაც საშუალება მიეცემა წარმოადგინოს საქართველო ბერლინში, ევროპულ ,,სტრით-ფუდ" ფესტივალზე და იასპარეზოს ევროპის თასისთვის. საუკეთესო პროდუქტებს სპეციალური ჟიური გამოავლენს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება გასტრონომიასთან, სოფლის მეურნეობასთან და ეთნოგრაფისთან ასოცირებული ადამიანებისგან.

"ორდღიან ღონისძიებაზე გაიმართება სხვადასხვა სახის კულინარიული კლასები, საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ განსხვავებული ეთნიკური კერძები, მოუსმინოთ გამომსვლელებს, რომლებიც მოგვიყვებიან ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ თავგადასავალზე, გავლენებზე, რამაც განაპირობა მისი დღევანდელი სახე და მის განუმეორებლობაზე, რომელიც მეტწილად ჩვენს ენდემურ სახეობებზე და მათი გამოყენებით მიღებულ კომბინაციებზე მოდის",- ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფეისბუკზე ფესტივალის გვერდი უნდა მოიწონონ, რადგან ორივე კონკურსში მონაწილეობის პირობები სწორედ აქ გამოქვეყნდება.

ფესტივალს ამ ეტაპზე შემდეგი მხარდამჭერები ჰყავს:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია;

ბიო-მეურნეობების ხელშემწყობი ორგანიზაცია ,,ელკანა";

,,დიასპორული ინიციატივების მხარდამჭერი სავაჭრო-სამრეწველო პალატა";

საინფორმაციო პორტალი  ,,ზუგდიდი თაიმსი"; 

საგამომცემლო სახლი ,,სახე(ლ)ები"

,,საქართველოს კულინართა ფედერაცია" 










Print