რეგიონი
სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია აღარ იგეგმება
სოფელ ჭუბერში ვითარება კონტროლდება და ამ ეტაპზე ხეობაში, სტიქიის გამეორების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ სტიქიის ზონაში ჩასულმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში ჩასულმა გიორგი მღებრიშვილმა პირადად დაათვალიერა ყველა სარისკო მონაკვეთი. ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე დროში ლიკვიდაციისათვის ადგილზე სამაშველო ჯგუფების დამატებითი ჯგუფების მობილიზებას თბილისიდან, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან ახორციელებს", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. დღის განმავლობაში მდინარის გარშემო რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

ამავე თემაზე:

მესტიაში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი
Print