რეგიონი
მაშველებმა ლეკულმახეში მცხოვრები ოჯახი საფრთხის ზონიდან გაიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ჭუბერის თემში, სოფელ ლეკულმახეში მცხოვრები ოჯახი საფრთხის ზონას გამოარიდეს. ამავე ცნობით, ისინი საკუთარი სახლიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

აღნიშნული სოფლის მკვიდრი შველას ითხოვდა. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ადიდებული მდინარე წუთი-წუთზე მის სახლს წაიღებს.

უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.


Print