ახალი ამბები
არაეთიკური ქცევის გამო საკრებულოს ორი წევრის გაფრთხილებას ხმაური მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წევრებმა სალომე ფაცაციამ და ანა წითლიძემ ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის გაფრთხილებები მიიღეს. საუბარია სოციალურ ქსელში მათ მიერ გაკეთებულ საჯარო კომენტარებზე, რომელიც კომისიამ ეთიკის კოდექსის დარღვევად მიიჩნია.

„მაშინ, როცა წითლიძეს აღნიშნულის შესახებ ეცნობა, მან საკრებულოს თანამშრომელს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ერთ ადგილას აიფარეთ ეს კოდექსიო. ეს არის არა მხოლოდ კოლეგების, არამედ საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის შეურაცხყოფაც, რომელთან ერთადაც შევიმუშავეთ ეს კოდექსი“, - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ. 

მის საპასუხოდ ანა წითლიძემ თქვა, რომ ეს გაფრთხილება სასაცილოა და თვლის, რომ ვიდეოების გაზიარება, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს ეხება, საკრებულოს წევრის ეკატერინე კიფაიას მხრიდან „მონობა“ იყო.

„ჩემთვის იმ საკრებულოს გადაწყვეტიელბას, რომელსაც ნოტარიუსის ფუნქცია აქვს და მხოლოდ ის ევალება, რომ ხელი აწიოს ან დაწიოს, მნიშვნელობა არ აქვს“, - დასძინა წითლიძემ.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ თქვა, რომ, შესაძლოა, შეცდომა ყველას მოუვიდეს, თუმცა, შემდეგ ბოდიშის მოხდა უნდა შეეძლოს, რაზეც წითლიძემ უთხრა, რომ მას საბოდიშო არაფერი აქვს.

აღნიშნულ საკითხს შელაპარაკება საკრებულოს წევრებს მამუკა ყურაშვილსა და ანა წითლიძეს შორისაც მოყვა. მას ყურაშვილმა მიმართა, რაზეც წითლიძემ უპასუხა, რომ ყურაშვილის ოჯახის წევრები საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები და ის ნეპოტიზმშია გარეული. ყურაშვილმა უპასუხა, რომ ისინი ადრეც იმავე ადგილას მუშაობდნენ და წითლიძეს უზრდელი უწოდა.

რაც შეეხება საკრებულოს წევრს სალომე ფაცაციას, მან გაფრთხილება მოქალაქე ეგნატე შამუგიას მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმების გამო მიიღო. სხდომაზე დეპუტატს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.



ზუგდიდში დეპუტატების მხრიდან ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევაზე მოკვლევა, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო. ზუგდიდის საკრებულომ დეპუტატების ეთიკისა და ქცევის კოდექსი და ფიცი მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცა. 

ამავე თემაზე:


ზუგდიდში დეპუტატების მხრიდან ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევაზე მოკვლევა დაიწყო
Print