ახალი ამბები
ზუგდიდის მთავარ მოედანს “თავისუფლების მოედანი“ დაერქმევა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე მოედანს „თავისუფლების მოედანი” დაერქმევა. შესაბამისი ინიციატივა ზუგდიდის საკრებულოში "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატმა წარადგინა.

"თავისუფლების მოედანი" უნდა იყოს ყველა ქალაქში და შესაბამისად, ზუგდიდშიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოედანი, თითქოს, ცნობილი იყო როგორც თავისუფლების მოედანი, არცერთი ოფიციალური ცნობა ამის შესახებ არ არსებობს", - უთხრა რადიო "ათინათს" ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ.

ამავე ინიციატივით, სახელი გადაერქმევა გია ჭანტურიას სახელობის მოედანს, რომელიც ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარეობს და მას „პირველი რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდება.

"დეპუტატების მოტივი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ეს არის სოხუმისკენ მიმავალი გზა და სწორედ ამას უკავშირდება მათი წინადადება, რომ სიმბოლურად ჩვენი ერთიანობის, პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდოს ამ ტერიტორიას", - აღნიშნა ლაგვილავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება გადაწყდა, რადგან ნებისმიერმა მოქალაქემ ინიციატივის შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება შეძლოს, რაც გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იქნება.





Print