ახალი ამბები
ბოლო ექვს თვეში სამეგრელოში ოჯახური ძალადობის 80-მდე შემთხვევა გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე სამართალდამცავებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ოჯახური ძალადობის 77 ფაქტი გამოავლინეს. ამავე ცნობით, ოჯახში ძალადობის ნიშნით მოხდა ერთი მკვლელობა და ჯანმრთელობის დაზიანების ერთი ფაქტი. შსს-ს ცნობით, ორივე ფაქტი გახსნილია. გამოვლენილი სხვა 75 შემთხვევიდან, სამართალდამცავმა ორგანოებმა 51 გახსნეს.

უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შარშან მთელი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის 94 ფაქტი დაფიქსირდა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს.



Print