ახალი ამბები
სამეგრელოში პირუტყვს ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო აცრა უტარდება
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ახორციელებს. ინფორმაციას სეს ავრცელებს. ამავე ცნობით, მსხვილფეხა პირუტყვის აცრები მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის კი ვაქცინირებულია 150 000 ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი. ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა.

ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით და ასევე შესაძლებელია მისი გადაცემა ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით.

სეს-ის რეკომენდაციით, დაავადების თავიდან აცილებისთვის, მნიშვნელოვანია სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების გატარება.

„რადგან დაავადება ძირითადად მწერების საშუალებით ვრცელდება მისი პრევენციისათვის საკმაოდ ეფექტურია მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს ითანამშრომლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ სპეციალისტებთან, რადგან პრევენციული ღონისძიებების (ცხოველების მწერების დაწინააღმდეგოდ დამუშავება და ვაქცინაცია) დროულად ჩატარებით შესაძლებელია პირუტყვის დაცვა.

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული პირუტყვის რძის და ხორცის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციიდან 7 დღის გასვლის შემდეგ.

Print