ახალი ამბები
ზუგდიდში მოქალაქეები არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს თაღლითობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
10-მდე მოქალაქემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში საზოგადოებივი ორგანიზაციის „ასოციაცია ზრუნვას“ ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა. მათი მტკიცებით, ლეილა ნადარაიამ თითოეულ მათგანს 5 00-დან 20 000 ლარამდე რაოდენობით თანხა სხვადასხვა მიკროსაფინანსო და საბანკო ორგანიზაციიდან გამოატანინა და მათ დაპირდა, რომ თანხას თავად გადიხდიდა.

„გვპირდებოდა, რომ გავხდებოდით არასამთავრობო ორგანიზაცია „ზრუნვას“ წევრები, დაგვეხმარებოდა სხვადასხვა საქმიანობაში, ზოგს მეფუტკრეობის განვითარებაში, ზოგს სათბურის გაკეთებაში და სხვა სოფლის მეურნეობის სფეროში. თანხა გამოგვატანინა... შეთანხმებით, ნახევარი თვითონ წაიღო და გვითხრა, რომ მთლიანად გადაიხდიდა, თუმცა, სამი თვეა არ გადაუხდია“, - უთხრა ჟურნალისტებს ბორის შუკვანმა.

ისინი ამბობენ, რომ ნადარაიას შესახებ პირადი კონტაქტებით შეიტყვეს და მათ შორის არავითარი წერილობითი შეთანხმება არ შემდგარა. კითხვაზე, რატომ ენდნენ მას სიტყვაზე, დაზარალებულებმა გვიპასუხეს, ის ზოგიერთი მათგანის ახლობელია, ზოგმა კი მის პატიოსნებაში ეჭვი არ შეიტანა.



თავს დაზარალებულად მიიჩნევს ანზორ შენგელიაც, რომელიც ლეილა ნადარაიას ბიძაა. ის ამბობს, რომ დის შვილმა მას ავეჯის გამოტანა სთხოვა, რაზეც შენგელია დასთანხმდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნადარაია თანხას არ იხდის.

„ნადარაია დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ პროკურატურაში სარჩელი არ შეგვეტანა. დაგვპირდა თანხას გადავიხდიო, თუმცა ჩვენ მისი არ გვჯერა“, - ამბობენ ისინი
.
ბრალდებებს უარყოფს თავად ლეილა ნადარაია. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ბიძამისს ნამდვილად სთხოვა ავეჯის გამოტანა, თუმცა სესხის ნაწილი თავადაც სჭირდებოდა.

„შეთანხმება იყო, რომ ნაწილი მას გადაეხადა, ნაწილი - მე. ბოლო ორი თვეა, ძალიან გამიჭირდა და ვეღარ გადავიხადე. რაც შეეხება სხვებს, მე არავისთვის სესხის გამოტანა არ მითხოვია და არც რამეში დახმარებას დავპირებივარ. აბა როგორ, დღევანდელ დროში? პროკურატურა თუ დამიკავშირდება, მზად ვარ მათ კითხვებს პასუხი გავცე“, - თქვა ნადარაიამ.

განცხადებაში ზუგდიდის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებლები პროკურატურას სთხოვენ, რომ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინონ. მათ განცხადებას სასესხო ხელშეკრულებებიც დაურთეს და ამბობენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

პირველად ლეილა ნადარაიას გვარმა რამდენიმე კვირის წინ გაიჟღერა, როცა ის ძმამ დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, და-ძმის დაპირისპირების მიზეზი ვალები გახდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


Print