ახალი ამბები
Gem Fest ანაკლიაში აღარ ჩატარდება
Gem Fest-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე აღარ ჩატარდება. ამის შესახებ მათ სპეციალური განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ადმინისტრაცია მიწის იჯარით მიღებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მათი მოთხოვნის პასუხს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებოდა.

ამასთან, აქვე ნათქვამია, რომ კერძო ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარება მისი ხარისხის დაცემის რისკს შეიცავს, ამიტომაც გადაწყდა, რომ Gem Fest არც აღნიშნულ ადგილას ჩატარებულიყო.

„სამწუხაროდ, მეტს ვეღარ დაველოდებით. ფესტივალის ჩატარებას დრო და სერიოზული მომზადება სჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და პროექტი სახელად GEM FEST იცოცხლებს, არა მხოლოდ იცოცხლებს, არამედ ახლიდან დაიბადება.ივნისის თვეში ჩვენ მივიღეთ წინადადება საერთაშორისო, გლობალური ბლოკჩეინ პროექტისგან მხარი დაუჭიროს ჩვენს GEM ოჯახს და დააფინანსოს 4 გრანდიოზული ღონისძიება, იანვარში, მაისში, აგვისტოსა და ოქტომბერში, რომლებიც გაიმართება, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ეს ბლოკჩეინ პროექტი გახდება ჩვენი საიმედო პარტნიორი და სამომავლო განვითარების გარანტი. ასეთი კოოპერაცია მოგვცემს საშუალებას , გავიყვანოთ GEM FEST არსებითად სხვა დონეზე და ვაქციოთ იგი პირველ კრიპტოფესტივალად“, - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რაც შეეხება ბილეთებს, ადმინისტრაცია მათ, ვინც უკვე შეიძინა ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები, რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, მათ შორის, სურვილის შემთხვევაში, მათ ბილეთის სანაცვლოდ თანხის უკან დაბრუნება შეეძლებათ.

სხვა შემთხვევაში კი აღნიშნული ბილეთებით, ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვრიდან დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება ან კრიპტოვალუტაზე გადაცვლაა შესაძლებელი.

"ჩვენ გთავაზობთ სამ მაქსიმალურად მოსახერხებელ ვარიანტს:

1. დაიბრუნოთ ბილეთში გადახდილი თანხა უკან. ამისთვის საჭიროა მითითებულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ატვირთოთ ბილეთის ფოტო, მიუთითოთ თუ სად შეიძინეთ , თქვენი სახელი, გვარი და საბანკო მონაცემები, სად ჩაგერიცხოთ თანხა.

2. დაიტოვოთ ეს ბილეთი და მისი საშუალებით დაესწროთ ოთხივე ღონისძიებას იანვრიდან ოქტომბარმდე. ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გამოაგზავნოთ ბილეთი, თქვენი საპასპორტო მონაცემები და მიუთითოთ, რომ გსურთ არ გაუქმდეს ბილეთი და იყოს ვარგისი მომავალ 4 ღონისძიებაზე.

3. გადაცვალოთ ბილეთი კრიპტოვალუტაზე და მიიღოთ 150 ლარის ექვივალენტი კოინები თქვენს საფულეზე  შეძლებთ გადაურიცხოთ სხვას, გაყიდოთ ან შეიძინოთ GEM FEST ის ბილეთები, საკვები, სასმელები და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩვენს ღონისძიებებზე გაიყიდება. კოინები იქნება ჩატვირთული სპეციალურ CASH-Less სამაჯურებში, ასევე მობილური აპლიკაციითაც შეძლებთ გადახდას. ამისათვის გამოაგზავნეთ ბილეთი ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ჩვენ კი მოგწერთ ინსტრუქციას, თუ როგორ გახსნათ საფულე და მიიღოთ კოინები", - ამბობენ ადმინისტრაციაში.

გადაწყვეტილების მისაღებად ბილეთების მფლობელებს ვადა 30 აგვისტოს ჩათვლით აქვთ, რის შემდეგაც (ერთი კვირის განმავლობაში) მათ ან თანხა დაუბრუნდებათ, ან ბილეთი შეუნარჩუნდებათ.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის - GemFest-სთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გადაცემის მოთხოვნით ონლაინ ხელმოწერების შეგროვება ივნისში დაიწყო. ამ დროისთვის პეტიციას ხელს 1300-ზე მეტი მსურველი აწერს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ Gem Fest 2018 - სთვის მიწის იჯარით გაცემაზე კომპანია GMF-ს უარი უთხრა.

მოგვიანებით კი, გიორგი სიგუა განცხადებას გამოეხმაურა და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნებოდა და ის კერძო მიწაზე ჩატარდებოდა.

ანაკლიაში 23-26 აგვისტოს კი საქართველოს მთავრობის მიერ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ახალი 4 დღიანი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება.

ამავე თემაზე:

"GemFest'-ისთვის მიწის იჯარით გადაცემის თხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

Print