ახალი ამბები
მესტიის მერის მოადგილე: ინფრასტრუქტურული ზარალი 20 მილიონამდეა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნელი ნავერიანის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ნავერიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, საუბარია მდინარის მიერ წაღებულ ხიდებზე, საავტომობილო გზასა და შიდა სასოფლო გზებზე.

„ჯერჯერობით, არ არის დათვლილი საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებული ზარალი. შესაძლოა, კონკრეტული სახლი არ იყოს დაზიანებული, თუმცა ადგილი უკვე საფრთხის შემცველი იყოს და იქ ცხოვრება შეუძლებელი იყოს. რაც შეეხება გზებს, ერთი ხუთკილომეტრიანი გზის ერთი მონაკვეთია ჩამოშლილი ჭუბერიდან ხაიშამდე, შიდა სასოფლო გზები არის მთლიანად განადგურებული. რა მონაცემსაც გეუბნებით, ეს არის უხეში დათვლით“, - აღნიშნა ნავერიანმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა და პირველადი დახმარებების მიწოდება მთელი სოფლისთვის.

გუშინ რადიო „ათინათს“ მესტიის მერმა უთხრა, რომ ჭუბერში 5 ივლისს დაწყებულმა სტიქიამ 2 საცხოვრებელი სახლი და 4 დამხმარე ნაგებობა დაანგრია, ხოლო 21 სახლი მნიშვნელოვნად ან ნაწილობრივ დაზიანდა. მისი ინფორმაციით, წაღებულია, დაახლოებით, 1 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სახნავ-სათესი სავარგულები.

5 ივლისს ჭუბერში, ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა, მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

ამ დროისთვის მდინარეში წყლის დონე დაკლებულია. ადგილზე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა. სტიქიის პირველი დღიდან ჭუბერში იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომლებიც საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობენ.

ამავე თემაზე:

ჭუბერში პანელური ხიდის მონტაჟი დასრულდა


Print