რეგიონი
აფხაზეთში სიმინდის ყანებს მწვანე კალია შეესია
აფხაზეთში, სიმინდის მინდვრებში მწვანე კალია გავრცელდა. ამის შესახებ „აფსნიპრესს“ დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ გერიამ განუცხადა. ამის მიზეზად მან გაჭიანურებული გვალვა დაასახელა. ამავე ცნობით, სიმინდის ნათესების დაზიანების პირველი ნიშნები 2-3 ივლისს გალის რაიონში გამოვლინდა, ხოლო 4 ივლისს მინდვრების ქიმიური შეწამვლა დაიწყო.

„ამ დროისათვის დამუშავებულია 400 ჰექტარამდე მიწის ფართობი და გალის რაიონში მწვანე კალიის გავრცელება შეჩერებულია. თუმცა, რამდენიმე კერა ტყვარჩელის რაიონში დაფიქსირდა. ჩვენ მივაწოდეთ მათ საკმარისი რაოდენობის პესტიციდი ყანების დასამუშავებლად», – თქვა გერიამ.

მისი ინფორმაციით, გამოვლინდა კიდევ ერთი მავნებელი მწერი, რომელიც ზიანს აყებნებს სავარგულებს - ღეროს ფარვანა. ამჟამად, მის წინააღმდეგ ტარდება ღონისძიებები, რათა სიმინდის მოსავალს დიდი ზარალი არ მიადგეს.

Print