ახალი ამბები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მზად არის დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატიმროში შეხვდეს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება ეპარქიის სამდივნომ გაავრცელა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დეკანოზის თხოვნა გააჟღერა, რომელშიც ის შეხვედრას მღვდელმთავრებს სთხოვდა. შეხვედრაზე კი პასუხს გასცემდა მის მიმართ არსებულ კითხვებს.

ამასთან, ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მამალაძეს განსაკუთრებით მეუფე გრიგოლთან შეხვედრა სურდა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი ითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას და მზაობას გამოთქვამს, უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულოს მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და მოისმინოს მისგან ის დამატებითი ინფორმაცია, რაც (პატიმრის სიტყვის მიხედვით) დღემდე პასუხგაუცემელია.

იმის გამო, რომ ამ საქმისადმი საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, მეუფე გრიგოლი პასუხს გასცემს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან (თუ ეს თვით მამა გიორგის სურვილი იქნება), ასევე საზოგადოდ, ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



Print